
ძიუდოისტების ნაკრებმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველო მსოფლიო ჩემპიონია. ჩვენი ნაკრები, პირველად, გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა, გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხეს და ოქროს მედლები გაინაღდეს.
"შერეული გუნდური ჩემპიონატის დაარსებიდან, პირველად მოხერხდა ისე, რომ იაპონიამ ვერ შეძლო გამარჯვება და მოახერხა საქართველომ" - აცხადებს ლაშა ბექაური.
დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის მძიმედ დაიწყო, რადგანაც გუნდის კაპიტანი გურამ თუშიშვილი სეუნგიეობ ლისთან იპონზე დაეცა. საბედნიეროდ, ეს კორეელთა ბოლო წარმატება გამოდგა, რადგანაც ქართველებმა მომდევნო ოთხი შერკინება მოიგეს. ეთერ ლიპარტელიანმა მიმი ჰუჰი დაჯაბნა, მიხეილ ბახბახაშვილმა – დონგჰიუნ ბაე, მარიამ ჭანტურიამ – იერანგ ლი, ხოლო ლაშა ბექაურმა – იონგჰომ კიმი დაამარცხა. ამგვარად, სოფიო სომხიშვილისა და ჰიეონჯი ლის შეხვედრის ჩატარება საჭირო აღარ გახდა, საქართველო ჩემპიონად გამოცხადდა.
ამ ისტორიულ გამარჯვებას წინ უძღოდა ეთერ ლიპარტელიანის ტრიუმფი, ქართველი ქალის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი გაინაღდა.
ძიუდოისტთა ნაკრები, წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე