18 ივლისი 2025,   17:43
ვრცლად
პუტინი უკრაინის მთელ ტერიტორიას რუსეთის საკუთრებად აცხადებს - ზელენსკი ამბობს, რომ დროა, მსოფლიომ სპეციალური ზომები მიიღოს

სანამ ყველას ყურადღება ისრაელისა და ირანისკენ არის მიმართული, მოსკოვი შანსს ხელიდან არ უშვებს - ვლადიმერ პუტინი უკრაინის მთელ ტერიტორიას რუსეთის საკუთრებად აცხადებს. კრემლისთვის მთავარ არგუმენტს რუსულენოვანი მოსახლეობა წარმოადგენს.

"ეს ანდაზა არ არის, არც იგავი, არამედ ძველებური წესია: იქ, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დააბიჯებს, ჩვენია.

მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია. სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე. ჩვენ მოვითხოვთ იმ რეალობის აღიარებას, რომელიც ადგილზე წარმოიშვა," - აცხადებს პუტინი.

პასუხის პასუხი კივიდან უკვე გაისმა- ზელენსკი მთელს მსოფლიოს ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისკენ და რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს. ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს.

"პუტინმა გუშინ წარმოდგენა დადგა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. დიახ, მას მთელი უკრაინა სურს და ეს არა ოთხი წელია სურს, არამედ 2014 წლიდან ასეა და როდესაც ის უკრაინასა და რუსი ჯარისკაცების ჩექმას ახსენებს, ის ასევე საუბრობს ბელარუსზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, მოლდოვაზე, კავკასიაზე, ყაზახეთის მსგავს ქვეყნებზე და დედამიწის ყველა იმ ადგილზე, სადაც რუსი მკვლელები შეიძლება მოხვდნენ.

ახლა არის სპეციალური ზომების მიღების დრო, მსოფლიომ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიღოს ოკუპანტთან დაკავშირებით. ახალი ზეწოლის მიზნით, რათა გავართულოთ მათთვის სიტუაცია და შესაბამისად, გავამარტივოთ ჩვენი გზა მშვიდობისკენ," - აცხადებს ზელენსკი.

მსოფლიოში არსებულ ცხელ წერტილებზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

"როგორც იცით, ჩვენ ძალიან კარგი სამუშაო გავწიეთ ინდოეთთან და პაკისტანთან, ვაპირებთ ინდოეთთან და პაკისტანთან სავაჭრო შეთანხმების დადებას, ეს სასიამოვნო საყურებელია. სასიამოვნოა სერბეთისა, კოსოვოს შემთხვევაც, ისინი წლებია იბრძვიან, როგორც იცით ეს საკითხიც ბოლომდე მივიყვანეთ. ახლა კი რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტიური საკითხი გვაქვს. გვყავს რუსეთი-უკრაინა, რომელიც მცირე პროგრესს აღწევს და გვყავს ისრაელი. არავინ იცის, რა საუბრები მიმდინარეობს სინამდვილეში. ვფიქრობ, მალე გავიგებთ," - აცხადებს ტრამპი.

დღის ამბები