
"თიბისი კაპიტალის" აქციები სასამართლომ ბიზნესმენ ალექსანდრე ამაშუკელის მოთხოვნით დააყადაღა. ეს ის ბიზნესმენია, რომელიც "თიბისი" ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თაღლითური სქემის შექმნაში ადანაშაულებს და სამართლებრივ ბრძოლას უცხადებს.
მისი სამოქალაქო სარჩელი უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია - სასარჩელო მოთხოვნა კი, "თიბისი" ბანკის მფლობელობაში არსებული შპს "თიბისი კაპიტალისგან" 1 450 000 დოლარის დაბრუნებაა.
თითქმის მილიონნახევარი დოლარი, როგორც ბიზნესმენის ადვოკატი განმარტავს, ბოსტნეულის კომპანია "იმერეთი გრინერიში" ჩადო. ამ კომპანიის ობლიგაციების ყიდვაში კი ის "თიბისი კაპიტალმა" დაარწმუნა მაშინ, როდესაც კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
ალექსანდრე ამაშუკელი ამ ეტაპზე საჯაროდ გამოჩენისგან თავს იკავებს.
"კურიერი P.S.-ს" ინტერვიუ მისმა ადვოკატმა მისცა.
რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ ბიზნესმენის მოთხოვნების ნაწილი დააკმაყოფილა - "თიბისი კაპიტალს" აკრძალვები დაუწესდა. "კურიერი P.S.-მა" მოსამართლის განჩინება მოიპოვა.
"თიბისი კაპიტალის" დირექტორს დაწესებულ აკრძალვებზე საუბარი არ სურს.
ყადაღამდე იყო ჯარიმა. ჩვენ მოვიპოვეთ ეროვნული ბანკის განკარგულება. დოკუმენტი რომლითაც ირკვევა, რომ "თიბისი კაპიტალი" ინვესტორებისთვის არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების გამო დაჯარიმდა.
"იმერეთი გრინერის" პარტნიორი 2015 წლიდან "საპარტნიორო ფონდი" გახდა და სასათბურე მეურნეობის განვითარებაში 1 მილიონ 4 000 ევროს ინვესტიცია ჩადო. ფონდის მანდატის მიხედვით, ის პროექტიდან შეთანხმებულ დროში გადის, რაც "იმერეთი გრინერის" შემთხვევაში სასამართლოს გარეშე ვერ შეძლო.
"კურიერი P.S."-ი ფონდში დეტალების გასარკვევად მივიდა.
განგვიმარტეს, რომ კომპანიის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის აღძვრამდე პროექტის გადასარჩენად დიდხნიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა "იმერეთი გრინერის" ხელმძღვანელობამ სანდო გეგმა ვერ წარმოადგინა, რის შემდეგაც საპარტნიორო ფონდმა სასამართლოს მიმართა. ამის შემდეგ, "იმერეთი გრინერი" გაკოტრდა და აუქციონის წლით გაიყიდა. თანხა კი, კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტით კრედიტორებს გაუნაწილდათ, მათ შორის მოხვდა საპარტნიორო ფონდი.
ირკვევა, რომ ბიზნესმენი ალექსანდრე ამაშუკელი მხოლოდ ერთ-ერთი დაზარალებულია, თუმცა არა ერთადერთი. ფინანსური ზიანი სხვა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმაც მიიღეს, მათ შორის, უცხოელმა ინვესტორებმა.
პირადად მამუკა ხაზარაძის მიერ დარეკლამებულ ამ ბიზნესში ინვესტიციის ჩადება ალექსანდრე ამაშუკელს "თიბისი" ბანკის VIP კლიენტის სტატუსით შესთავაზეს. პირველი წინადადება ანაბრის თანხით ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის ობლიგაციების ყიდვაზე ბანკის თანამშრომლისგან მიიღო. ადვოკატი ამბობს, რომ ბანკის წარმომადგენელი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დავალებით მოქმედებდა და ინვესტიციის სანდოობასაც იმით ხსნიდა, რომ კომპანია "იმერეთი გრინერი", სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ იყო დაფუძნებული. გარიგებაც ნდობის ფაქტორის გამო შედგა. ეს დეტალები იმ განცხადებაშია აღწერილი, რომელიც გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ბიზნესმენის ადვოკატმა პროკურატურაში შეიტანა.
ამ განცხადებით ადვოკატი პროკურატურას "თიბისი" ბანკის იმ თანამშრომლის გამოკითხვას სთხოვს, რომელმაც მისი ვარაუდით, ხელმძღვანელობის დავალება შეასრულა. "კურიერი P.S." ამ პირს დაუკავშირდა, თუმცა ბანკის თანამშრომელმა კითხვები უპასუხოდ დატოვა.
"კურიერი P.S." ხაზარაძე-ჯაფარიძეს პრესსამსახურის მეშვეობით დაუკავშირდა. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარი გვითხრეს.
შესაბამისად, უცნობია რას ეტყვიან გამოძიებას, თუ მათ ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარებენ. "კურიერი P.S.-მა" გაარკვია, რომ პროკურატურამ სავარაუდო თაღლითური სქემის ძიება ფინანსურ პოლიციას გადააბარა.