08 ივლისი 2026,   12:11
ვრცლად
ქართული ღვინის 8 000-წლოვანი ტრადიციის კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება - ქართულ ვენახში დაწურული ღვინო შანხაიში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე გაემგზავრა

ქვევრებში, ხის კასრებსა და ჭიქაში ჩატეული ქართული ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია - საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც საქართველოში უწყვეტად გრძელდება...

ქინძმარაული, საფერავი, ციცქა ცოლიკაური, უსახელოური, ტვიში, ხვანჭკარა - ქართული წითელი თუ თეთრი ღვინოების შესახებ შორეული ამბავი, კიდევ უფრო შორს წავიდა, საქართველოდან კილომეტრების დაშორებით - ჩინეთში.

ქართულ ვენახში დაწურული ღვინო შანხაიში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე გაემგზავრა. ერთი საკონკურსო დღე სრულად ქართულ ღვინოს დაეთმო. საქართველოდან ჩინეთში 200-მდე ღვინო ჩავიდა. უკან კი - სამშობლოში - გამარჯვებულები დაბრუნდნენ. დაჯილდოვდნენ, "ა", ოქროს, პლატინისა და ვერცხლის მედლებით. კონკურსში 20-მდე ქვეყნის 500-ზე მეტი ღვინო იყო წარდგენილი.

ყველაზე მეტი ჯილდო ქართულმა ღვინის კომპანიამ აიღო, რომელსაც მრავალწლიანი ტრადიცია აქვს.

მუხრანბატონების სასახლის ამ ეზოში სხვადასხვა, ზომისა და ფორმის ვაზის ჯიშებს შეხვდებით. ღვინის დამზადების ტრადიცია აქ, ამ ქვევრებსა და მრავალსაუკუნოვან ხის კასრებში ცოცხლდება. აქ ვაზსაც და მის ნაყოფსაც ისე უვლიან, როგორც ცოცხალ ორგანიზმს.

იმერეთის მხარე ციცქა ცოლიკაურის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთი წარმატებული მეღვინე დავით გაგუაა, რომელმაც წლების წინ ამ სივრცეში შატოს მშენებლობა დაიწყო, შემოგარენში კი გააშენა ვენახი.

ქართული ღვინო ჩინელმა სტუმრებმა საქართველოშიც დააგემოვნეს. სტუმრები შანხაიდან ღვინის დამზადების ქართულ მეთოდებს დააკვირდნენ, ქართული სუფრის ტრადიციებსაც გაეცნენ და სადღეგრძელოებიც არ გამორჩენიათ.

ჩინეთი ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ამ დროისთვის, ჩინეთში ქართული ღვინის 40 მდე სახლია გახსნილი. იზრდება ქარვისფერ ღვინოზე მოთხოვნაც.

ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს. დღეს არსებული ქართული ქვევრის ფორმა კი ძვ. წ. III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა.

ჩვენს ქვეყანაში, ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ვინარჩუნებთ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დღის ამბები