08 ივლისი 2026,   20:55
ვრცლად
9 ივლისიდან მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

9 ივლისიდან, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება.

„სასიამოვნო სიახლე გვაქვს ფეხბურთის მოყვარულებისთვის. ჩვენ რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ უკვე ვთქვით, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დავამონტაჟებდით დიდ ეკრანს, სადაც გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ნახვა შეეძლებოდათ. თბილისიის მერიის ორგანიზებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მატჩების საჯარო ჩვენება 9-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ასევე დაგეგმილია ფანზონის მოწყობა. 9 ივლისს, საღამოს 9 საათიდან ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც დანარჩენ დღეებში სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართული ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით ღია საუბრებიც გაიმართება.

„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 19:00 საათიდან, ტერიტორიაზე განთავსებული მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილ ზონაში ყოველდღიურად საბავშვო-თემატური აქტივობები და გათამაშებები გაიმართება, სადაც პატარები ასევე შეძლებენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას და სახეზე მოხატვას. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, 10 დღის განმავლობაში, ქართული ფეხბურთის ლეგენდები ესტუმრებიან პირველი რესპუბლიკის მოედანს, სადაც გაიმართება ღია საუბრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის და ფეხბურთის შესახებ.

ყველას გეპატიჟებით. წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გველოდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დღის ამბები