08 აგვისტო 2026,   18:59
ვრცლად
სახალხო დამცველი: გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების საფუძველზე მივმართეთ გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (რელევანტური ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით)

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების საფუძველზე, უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (რელევანტური ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით), პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.

"12 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს N18 პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავშირდა და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა.

სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ შეხვდა და ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდადებულს.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს, N8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, სადაც ის შესახლებული იყო, შევიდა უცნობი პიროვნება რომელმაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა. (მოგვიანებით დაწესებულების ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ ეს პიროვნება მსჯავრდადებული იყო).

გიორგი ბაჩიაშვილი დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ამჟამად კი N18 სამკურნალო დაწესებულებაში არის მოთავსებული. მსჯავრდადებულმა სახალხო დამცველის აპარატისგან ითხოვა არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალური პენიტენციური სამსახურს (რელევანტური ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით), პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე, მსჯავრდადებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ.

სახალხო დამცველის აპარატს აქვს აქტიური კომუნიკაცია მსჯავრდადებულის ადვოკატებთან და გააგრძელებს პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მონიტორინგს," - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები