08 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს სწორედაც რომ საბოტაჟია და დანაშაულებრივი განცხადებაა ქართველი მეომრების და საკუთარი ქვეყნის მიმართ - გიორგი ვოლსკი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, გია ბარამიძის განცხადებები საბოტაჟი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებაა. მისივე თქმით, ეს განცხადებები კონკრეტული სცენარის ნაწილია, რომლის მიზანიც მყიფე მშვიდობის ხელყოფა და ეთნოსებს შორის სიძულვილის გაღვივებაა.

"მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ბარამიძის განცხადებები, ისევე როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ მოქმედებები, არის გარკვეული სცენარის ნაწილი, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. როდესაც ამბობ, რომ ხვრეტდნენ ქართველი ჯარისკაცები, მეომრები, კომბატანტები მოწინააღმდეგეს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გარკვეული მიმართულებით პრობლემების წარმოქმნას გეგმავ. თუკი ერთი ადამიანი ამბობს ამას, ვისაც იმ პერიოდში გარკვეული პასუხისმგებლობა ჰქონდა რაღაცა საკითხებთან მიმართებაში, ეს კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის.

ეს არის ადამიანის აზრი, ვინც აი ამ ტყვეების საკითხებზე იყო გარკვეულწილად პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს სწორედაც რომ საბოტაჟია და სწორედაც რომ დანაშაულებრივი განცხადებაა გაკეთებული ქართველი მეომრების და საკუთარი ქვეყნის მიმართ. პროცესი, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს ურთიერთობების დალაგებას, მოგვარებას, სტაბილურობის შენარჩუნებას, აი ამ მყიფე მშვიდობის შენარჩუნებას, ვიღაცას არ აწყობს და ესეც ერთ-ერთი თემაა, მიმართულებაა, რომ გააღვივოს ეთნოსებს შორის სიძულვილი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართული მხარე სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, რასაც საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ომის საწყის ეტაპზე ტყვეებს არა ქართული ჯარი, არამედ ოჯახის წევრების დაკარგვით გამწარებული ხალხი ხოცავდა. აღნიშნულ განცხადებებს მმართველ გუნდსა და ვეტერანთა ორგანიზაციებში ქართული ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები