10 აგვისტო 2026,   14:54
ვრცლად
მსჯავრდებულებმა სპექტაკლი "ლამანჩელი" კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლი "ლამანჩელი" გაიმართა. წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, დაშვებული შეცდომების მიუხედავად, შეუძლია ცხოვრების ახლიდან დაწყება.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის როგორც ჩემი საყვარელი საქმის კეთების, ასევე მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც საერთოდ პირველად გამოვიდნენ სცენაზე. ის მღელვარება, ემოცია, სიხარული, ცრემლი, ბედნიერება - იმდენად ბევრი იყო ყველაფერი, რომ სიტყვებიც არ მყოფნის ამ ყველაფრისთვის", - აცხადებს მსჯავრდებული გოჩა ხვიჩია.

მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ის გარემოებაა, რომ მსახიობთა უდიდესი ნაწილი იყვნენ მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები. ეს განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საგრანტო პროგრამაში მონაწილეობდა. ეს არის მათთვის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ ამ ადამიანებმა მოახდინონ რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობას და უნეტარესობას ილია მეორეს მსჯავრდებულთათვის გადაცემული მადლობის სიგელებისთვის", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

დღის ამბები