10 აგვისტო 2026,   14:54
ვრცლად
გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის ვლადიმერ ჩაჩიბაიას გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია უწყებაში 2 საათ ნახევარზე მეტ ხანს პასუხობდა შეკითხვებს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მედიასთან თქვა, რომ როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებული არ იყვნენ.

"არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით გავიგე მეორე დღეს.

გავატარეთ შესაბამისი ღონისძიება თავდაცვის ძალებში, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვყოფილიყავით, ჩავატარეთ თათბირი იმისათვის, რომ თავდაცვის მინისტრისა და მთავრობის მეთაურის ბრძანების შემთხვევაში მზად ვყოფილიყავით.

როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ," - აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია.

გამოძიება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით რამდენიმე მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟსა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს თუ რატომ არ შეათანხმა შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა უსაფრთხოების სამსახურსა და საერთაშორისო მისიებთან.

დღის ამბები