13 აგვისტო 2026,   02:59
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულებულია - ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულებულია.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გამოცხადდა აბიტურიენტთა 93,8 პროცენტი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა დაახლოებით 69 პროცენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 80 და მასწავლებელთა გამოცდაზე 83 პროცენტი.

დაიგვიანა სულ 58 აპლიკანტმა. იყო გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა. ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. პირველადი შედეგები სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან გამოქვეყნდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი:

"თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი. 

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, ისევე, როგორც ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, დიდი მადლობა გადავუხადო. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იყო შესაძლებელი საგამოცდო პროცესში ასეთი მაღალი სტანდარტის, სანდოობისა და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა. მიმდინარე პროცესში ათასობით თანამშრომელი მონაწილეობდა და მათი ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით, პროცესი მაქსიმალურად სტაბილურად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა," - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება. აგვისტოს დასაწყისში კი უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება.

დღის ამბები