13 აგვისტო 2026,   06:10
ვრცლად
ჩვენი ამბიციაა ვიყოთ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით სამეულში. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო - მიხეილ ყაველაშვილი

"კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო", - ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დღეს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილისა და უწყების კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩონოსნის დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას სჭირდება, რომ თითოეულ მოქალაქეზე აისახოს გარკვეული სიკეთეები.

"ჩვენი ამბიციაა ვიყოთ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით სამეულში, მთავარია, როგორ რეაგირებენ ჩვენი ინსტიტუციები. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო. ალბათ გაგრძელდება ეს პროცესი, რადგან საზოგადოებას სჭირდება, იმ გარემოსთან ერთად, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნეთ, ეს ასახული იყოს თითოეულ მოქალაქეზე. როცა ბიუჯეტი სამჯერ და ოთხჯერ იზრდება, კორუფციული ნიშნები, რომლებიც არსებობს, ამასაც რომ აღმოვფხვრით, მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება საზოგადოებას, პენსიები, ხელფასები გაიზრდება და მეტი დოვლათი შეიქმნება. სახელმწიფოს როლია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყოს აღმოფხვრილი. მისასალმებელია, რომ ასე კარგად დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების და, ასევე, ანტიკორუფციულმა სამსახურმა", – განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი დააკავა.

როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

დღის ამბები