მეთექვსმეტე საუკუნით დათარიღებული, მოოქროვილი ტრიპტიქი ერთი საუკუნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
სამი ნაწილისგან შემდგარი ხელოვნების ნიმუში, იტალიელი მხატვრის, ბერნანდინო პინტურიკიოს სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საგანძური ხელოვნების სასახლემ შეისყიდა, მისი პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
სამუზეუმო ჩანაწერებისა და საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ხელოვნების ნიმუში საქართველოში, პრინც აშილ შარლ ლუი მიურატის მეშვეობით მოხვდა, პრინცის გარდაცვალების მერე ჯერ ანდრია დადიანის, შემდეგ კი გრაფ ოლდენბურგის კუთვნილება იყო. საბჭოთა ოკუპაციის დროს, საგანძური სხვა ნივთებთან ერთად ქვეყნიდან გაიტანეს და ევროპელი კოლექციონერის საკუთრებაში აღმოჩნდა.
ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილში, ყრმა იესო და იოანე ნათლისმცემელი, ხოლო მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ნეტარი ავგუსტინე და წმინდა პეტრეა გამოსახული.
ხელოვნების ნიმუშმა საკარანტინო პროცესი უკვე გაიარა, ამჟამად მისი რესტავრაცია-კონსერვაცია მიმდინარეობს.
წელს, კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების სასახლეს, ევროპიდან სამი ფერწერული ტილო დაუბრუნა. სექტემბერში კი საგამოფენო სივრცეს ტრიპტიქიც დაემატება.