08 აგვისტო 2026,   13:46
ვრცლად
"გადაიღე საქართველოში" - საქართველოს ისტორიული ღირსშესანიშნაობები საერთაშორისო კინოინდუსტრიის ობიექტივში

საქართველოს ისტორიული ღირსშესანიშნაობები საერთაშორისო კინოინდუსტრიის ობიექტივშია. სულ მალე, ეს ადგილები მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორების გადასაღებ მოედნად იქცევა.

საქართველო საერთაშორისო კინოინდუსტრიის ინტერესის არეალში რამდენიმე წელია მოექცა. სახელმწიფო პროგრამის, "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ქვეყანას საქმიანი ვიზიტით ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების დელეგაცია ეწვია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო კომპანია HBO-ს ვიცე-პრეზიდენტი ბარბარა კეივერი, რომელიც გასართობი და დოკუმენტური ფილმების ფესტივალის კურატორია.

ვიზიტისას, პროდიუსერები ეწვივნენ თბილისს, მცხეთასა და ბათუმს. მოინახულეს ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და გადაღებებისთვის საინტერესო ლოკაციები. გაეცნენ საქართველოში კინო და ტელე-წარმოების პროცესს და ადგილობრივი კინოსექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ქართველი რეჟისორი, რომელსაც უცხოელი კოლეგა ესაუბრა ნინი სარდლიშვილია, ის ახლა ფილმის გადასაღებად ემზადება და სამომავლო თანამშრომლობის მოლოდინშია.

სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაცია წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებსა თუ კინომარკეტებზე, როგორიცაა: კანისა და ბერლინის კინოფესტივალები, ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალი და ამერიკული კინო ბაზრობა.

სახელმწიფო პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი ან აუდიოვიზუალური პროდუქცია, შემდგომ კი, კვალიფიციური ხარჯების 20-25 პროცენტი უკან დაიბრუნონ. დღემდე, 65 პროექტია მხარდაჭერილი, რომლის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 200 მილიონ ლარს აღემატება.

დღის ამბები