08 აგვისტო 2026,   19:10
ვრცლად
ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად, შსს ახალ რეფორმებს გეგმავს - მინისტრის თქმით, სამართალდამცველების ოპერატიული მუშაობა, უახლოეს პერიოდში, ნარკოდანაშაულის სტატისტიკას უფრო შეამცირებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოღებული ნარკოტიკი და პასუხისგებაში მიცემული მსხვილი ნარკორეალიზატორები - მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგი გააუმჯობესა.

მსოფლიო გამოწვევასთან საბრძოლველად, საქართველოს შინაგან~ საქმეთა სამინისტრო ახალ რეფორმებს გეგმავს, სიახლე დღეს თავად მინისტრმა დააანონსა. გეკა გელაძის თქმით, სამართალდამცველების ოპერატიული მუშაობა, უახლოეს პერიოდში, ნარკოდანაშაულის სტატისტიკას უფრო შეამცირებს.

ნარკოდანაშაულის სტატისტიკის შემცირებას, ბოლო პერიოდში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციებიც ადასტურებს.

34 512 აბი მეთადონი, 32 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი პოლიციამ ფონიჭალაში, 57 წლის ქალის საცხოვრებელ სახლის ეზოდან ამოიღო. ნარკოტიკი სპეციალურ სამალავებში იყო მოთავსებული.

2025 წლის 18 ივნისს, პოლიციამ 85 მილიონი ლარის ღირებულების ჰეროინი, ბათუმის ტერმინალში, სატვირთო ავტომობილიდან ამოიღო. ნარკოტიკი სამშენებლო აგურში იყო დამალული და, გამოძიების ინფორმაციით, ტვირთი, ბათუმის გავლით, ევროპაში უნდა გაეტანათ.

ბოლო პერიოდში ჩატარებულმა სპეციალურმა ოპერატიულმა ღონისძიებებმა და შესაბამისი დანაყოფების მუშაობამ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტატისტიკა გააუმჯობესა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, "კურიერთან", იმ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლითაც ბოლო სამ თვეში პოლიციამ ნარკორეალიზატორები გამოავლინა და დააკავა.

ნარკოდანაშაულის შემცირებისთვის, სამართალდამცველებს პრემიერი-მინისტრმა დღეს მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კვლავ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაა.

პრემიერ-მინისტრმა, ნარკოდანაშაულის გამოვლენის გაუმჯობესებულ სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. 8 პროცენტით შემცირდა ნარკოტიკებზე წვდომა. პასუხისგებაში მიეცა 156 ნარკორეალიზატორი, აკრძალული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 226 პირია დაკავებული - ეს ბოლო 3 თვის მონაცემებია.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე, კანონში ცვლილება უკვე შევიდა, მკაცრია სასჯელი ყველა ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული პირის მიმართ, განსაკუთრებით კი, ნარკორეალიზატორებისთვის. მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები