06 აგვისტო 2026,   21:17
ვრცლად
რას გულისხმობს ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილი ბრალი და რა წერია კანონში 317-ე მუხლთან დაკავშირებით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლის შინაარსს განმარტავს - ანუ ლევან ხაბეიშვილის ბრალს. საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ამავე მიზნით შეიარაღებისკენ მოწოდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურატურა პოლიტიკოსს სწორედ დამხობისკენ მოწოდებებს ედავება, რაც დაცვის მხარის მტკიცებით, აბსურდული ბრალდებაა. ადვოკატი ირწმუნება, რომ ხაბეიშვილი მშვიდობიან დამხობას ახსენებდა, კოდექსით კი მხოლოდ ძალადობით დამხობისკენ მოწოდება ისჯება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ტერმინი "ძალადობით დამხობა" კანონში საერთოდ არ წერია და ადვოკატი დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს.

ადვოკატი აღიარებს, რომ კანონში ძალადობით დამხობა არ წერია, თუმცა ამტკიცებს, რომ ის, რაც არ წერია, იგულისხმება. და რაც იგულისხმება, იმას სიტყვა მშვიდობიანი გამორიცხავს. გიორგი კონდახიშვილი იმეორებს, რომ ხაბეიშვილი მხოლოდ არაძალადობრივ დამხობას ახსენებდა და ეს დასჯადი არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის მიხედვით თავისუფლების აღსაკვეთად მხოლოდ დამხობისკენ მოწოდებაც საკმარისია.

რასაც ადვოკატი სამართლებრივ არგუმენტად იყენებს, პოლიტიკურად ეყრდნობა "ნაციონალური მოძრაობაც". ხაბეიშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ყოფილ თავმჯდომარეს სასჯელისგან სიტყვა მშვიდობიანი ათავისუფლებს.

ტერმინებით სპეკულირება ხაბეიშვილს სასჯელს ვერ აარიდებს - აცხადებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნება" ოპონენტებს მიუთითებს, რომ დამხობისკენ მოწოდება, მისი განსაზღვრების მიუხედავად, უკვე დასჯადია, ისეთი სიტყვებით მანიპულირება კი როგორიც ე.წ. მშვიდობიანი დამხობა და რევოლუციაა, მას უდანაშაულოდ ვერ წარმოაჩენს.

ხაბეიშვილს ბრალთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს დღეს პრემიერ-მინისტრმაც უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების გარდა, ხელისუფლების შეცვლის ყველა გზა არალეგიტიმურია და ამას სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს.

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასთან ერთად, ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებაზეც წარედგინა.

დღის ამბები