07 აგვისტო 2026,   07:41
ვრცლად
როდის გახდა რუსეთი ომის დამნაშავე - პრემიერ-მინისტრის წერილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გატარებულ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკაზე

პრემიერ-მინისტრმა დღეს აგვისტოს ომი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წერილი სააკაშვილის ხელისუფლებისა და დღევანდელი ოპოზიციის მხილებას ემსახურებოდა. საუბარია 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რუსულ კომპანიებზე ენერგორესურსების მიყიდვაზე, ვიზების ცალმხრივად გაუქმებაზე, ბიზნეს და კულტურული კავშირების სტიმულირებაზე - იმ ფონზე, როდესაც მათი მხრიდან მძაფრი ანტირუსული კამპანია მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. რაც, ირაკლი კობახიძის აზრით, გარე ძალების მითითებით ოპოზიციისა და ენჯეოების მოქმედების პირდაპირი მტკიცებულებაა.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ ანალიზს დღეს ვრცელი წერილით გამოეხმაურა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. შათირიშვილმა იმდროინდელი ხელისუფლება ე.წ. დიფ სთეითის დაუფარავ მორჩილებაში დაადანაშაულა. დაწერა, რომ გავლენიანმა კორპორაციებმა 2008 წელს რუსეთის ცივილიზებული სამყაროდან გარიყვა არ ისურვეს, შესაბამისად, საქართველოს ოკუპაციამ ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაიარა, რასაც მაშინდელი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რიტორიკამაც შეუწყო ხელი. ფილოსოფოსის აზრით, ქვეყნის ინტერესები სააკაშვილის მთავრობამ დიდი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის მზადებას შესწირა, რომელიც წლების შემდეგ ევროპის კონტინენტზე მასშტაბური ომით უნდა დაგვირგვინებულიყო.

შათირიშვილი წერილში 2022 წელს გააქტიურებული ანტირუსული კამპანიის მოტივებს სწორედ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებს უკავშირებს. ფილოსოფოსის აზრით, მიზანი ევროკავშირის ქვეყნების, რუსეთისა და უკრაინის ხანგრძლივი ომით გამოფიტვაა, შემდეგ კი დასუსტებული ევროპის ახალი პოლიტიკური ექსპერიმენტის პოლიგონად გამოყენება. საუბარია მმართველობის ტრადიციული მოდელის კორპორაციულით შეცვლაზე, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნების სრული დეგრადირებით უნდა დასრულდეს.

რატომ გასხვისდა სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე საქართველოს დაბომბვიდან რამდენიმე თვეში და რატომ არ იყო მწვავე ანტირუსული კამპანია 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ - ამ კითხვებზე უკვე რამდენიმე დღეა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საერთო პოლიტიკური მესიჯი ვერ ჩამოაყალიბა. პარტიაში ერთდროულად ამტკიცებენ, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა და, ამავე დროს, ოკუპანტის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას საერთაშორისო საზოგადოებას აბრალებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" დაბნეულობა მათი ფსევდოპატრიოტიზმისა და ფსევდოანტირუსობის დასტურია მმართველი გუნდისთვის. სამთავრობო პარტიაში აგვისტოს ომის მძიმე შედეგებსა და "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულ პოლიტიკაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ჰააგაში, სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო არბიტრაჟებში რუსეთისთვის ოკუპანტის სამართლებრივი სტატუსის გამყარებას სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.

წელს რუსული სამხედრო აგრესიიდან 18 წელი სრულდება. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს 412 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დღის ამბები