07 აგვისტო 2026,   17:13
ვრცლად
ცრუ სკანდალებზე აგებული ცრუ ამბები - სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

ცრუ სკანდალებზე აგებული ცრუ ამბები – სოციალურ ქსელებში არაერთი ასეთი ვიდეომასალა იძებნება, სადაც ყვებიან, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში, რესტორნებში საკვებს განგებ უბინძურებენ.

სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულია სხვა ისეთი შინაარსის ვიდეოებიც, რომელიც საქართველოს ინტერესებსა და იმიჯს აზიანებს.

ვიდეოების გარდა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბ ამბებზე დაწერილი პოსტებიც, რის შემდეგაც ტურისტებს მოუწოდებენ, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ.

საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, სუსმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. ირკვევა, რომ საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ოპოზიციის ნაწილს საუბარი არ სურს, მეორე ნაწილი მეტ მტკიცებულებას ელოდება. მმართველი გუნდის განცხადებით კი, მარტივი შესამჩნევია, რომ ბოლო თვეებში გარე ძალების ორგანიზატორობით და საქართველოს გარკვეული მოქალაქეების მონაწილეობით ორგანიზებულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად.

"საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ" – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ბოლო თვეებში სოციალური ქსელებით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ტურისტებისთვის სათანადო გარემო იყოს შექმნილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დაფინანსების შესაძლო წყაროებს, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმებს და მის მიზნებს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები