05 აგვისტო 2026,   07:30
ვრცლად
7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა და განათლების სისტემის სრული რეფორმა - უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია უკვე შექმნილია და მუშაობას სულ მალე შეუდგება

რა გამოწვევების წინაშე დგას უმაღლესი განათლების სისტემა და რა უნდა შეიცვალოს მისი განვითარებისთვის? საქართველოს მთავრობას ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვს. გაწერილია 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც.

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მთავარი ადრესატები უნივერსიტეტები, სტუდენტები და პროფესორები არიან.

რეფორმის ერთ-ერთი პუნქტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირებაა. ფაკულტეტების უმეტესობა 3+1 სისტემაზე გადაეწყობა. სტუდენტები სპეციალობის შესწავლას, 4-ის ნაცვლად, 3 აკადემიური წლის განმავლობაში შეძლებენ, მაგისტრატურის დიპლომის მიღებას კი, 2-ის ნაცვლად, 1 წელს მოანდომებენ. მიზანი სასწავლო პროგრამის, სავალდებულო და არჩევითი საგნების ოპტიმიზაციაა.

ოპტიმისტური მოლოდინები აქვს განათლების მინისტრსაც. "კურიერი P.S-თან" მინისტრი ამბობს, რომ წამყვანი ქვეყნების მაგალითი ცხადყოფს 1 წლით შემცირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ეფექტიანობას.

3 წელი რომ თითქმის ყველა საბაკალავრო პროგრამის ასათვისებლად საკმარისია, ამ მოსაზრებას იზიარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც. ჯაბა სამუშია ფიქრობს, რომ, რეფორმის წარმატებით გატარების შემდეგ, ქართველი სტუდენტი, მიღებული აკადემიური განათლებით, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.

სწავლის ხანგრძლივობის შემცირება იგეგმება საშუალო სკოლებშიც - მოსწავლეები, 12-ის ნაცვლად, 11 წელი ისწავლიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული უნივერსიტეტები მხოლოდ 12 კლასის ატესტატს ცნობენ, განათლების მინისტრის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილება არ სცდება ბოლონიის პროცესის პრინციპებს და დასავლეთში ბაკალავრის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს ალტერნატივასაც სთავაზობს.

იგეგმება დაინერგოს ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის კონცეფცია, რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოხდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო დეცენტრალიზაცია. ამჟამად საქართველოში სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი უმაღლეს განათლებას თბილისში იღებს. რეფორმა ხელს შეუწყობს დედაქალაქის განტვირთვას და სხვა ქალაქებში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებას.

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია ითვალისწინებს ერთგვარი კვოტის დაწესებას უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიიღონ. გადახედვას ექვემდებარება საკადრო პოლიტიკაც: გაიზრდება სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების ანაზღაურება. შეიცვლება უცხოელი ლექტორების მოწვევის წესიც. განვითარდება საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. შეიცვლება საგრანტო პოლიტიკაც: გაუქმდება დაფინანსების არსებული წესი და მას სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული მოდელი ჩაანაცვლებს.

უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კომისია მუშაობას სულ მალე შეუდგება.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები