უმაღლესი განათლების რეფორმის შვიდპუნქტიანი გეგმა დღეს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს გააცნო. შეხვედრაზე განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და კონცეფციის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძის გეგმაშია ერთობლივად შემუშავდეს შრომის ბაზრის ანალიზი, რომელსაც სამომავლოდ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნება.
რა სჭირდება ბიზნესს – ორსაათიან შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურს კონკრეტული ხედვები გააცნეს. მათ არ დაუმალავთ კმაყოფილება და რეფორმის ერთობლივი მხარდაჭერაც დაადასტურეს.
მთავრობისა და ბიზნესის ხედვა რომ იდენტურია, ამას ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელიც ადასტურებს. ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის შესამცირებლად, უმაღლესი სასწავლებლები ახალ მოთხოვნებს უნდა მოერგონ – მოამზადონ კადრები, რომლებიც მომავალში ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფენ.
დოკუმენტზე მუშაობაში აქტიურად არის ჩართული განათლების სამინისტრო. უწყების ხელმძღვანელის თქმით, გეგმა მორგებულია იმ საჭიროებებზე, რომელთა წინაშეც განათლების სისტემა დგას.
უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ ბიზნესსექტორთან შეხვედრამდე მთავრობის მეთაურმა ინიციატივა 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსაც გააცნო. შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება – განხილვების დასრულების შემდეგ განათლების რეფორმა საბოლოო სახეს მიიღებს და მას მთავრობა დაამტკიცებს.