"რუსთავი 2-ზე" სატელევიზიო ტელეპროექტი "ავტოგრაფი" განახლებული ფორმატით იწყება - გადაცემა, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს, ყოველ კვირას, "კურიერი P.S-ის" დასრულებისთანავე, 22:00 საათზე უკვე "რუსთავი 2-ზე" გავა ეთერში.
სიახლე ბევრია, თუმცა პროექტის მთავარი მიზანი უცვლელია - "ავტოგრაფმა" უნდა გააერთიანოს უნიკალური ისტორიები და ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი ავტოგრაფი დაუტოვეს.
პირველი გადაცემის თემაა ქართული კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში... რა საგანძური გაგვაქვს საზღვრებს გარეთ და რით ვამაყობთ? გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურ სამზადისშია.
განსაკუთრებული მოლოდინები აქვს "რუსთავი 2-ის" დირექტორს, ბაკურ ბაკურაძეს, რომლის ავტორობითაც შეიქმნა წლების წინ "ავტოგრაფი".
"ემოციები ჭარბობს, რადგან ახალ მისამართზე - "რუსთავი 2-ის" ეთერში გადის "ავტოგრაფი. ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, თუ როგორ მიიღებს "რუსთავი 2-ის" მაყურებელი გადაცემას, რომელიც, პრინციპში, უკვე საკუთარი ისტორიით, საკუთარი სახელითა და საკუთარი მაყურებლით არის. დიდი იმედი მაქვს, რომ "რუსთავი 2-ის" მაყურებელს "ავტოგრაფის" მაყურებელი შემოემატება და არხის რეიტინგიც მოიმატებს კიდევ უფრო მეტად. დიდი სურვილი მაქვს, რომ ფეხბედნიერი იყოს "ავტოგრაფი" რუსთავი 2-ის ეთერში", - აცხადებს "მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე.
ავტორი: ანი გენებაშვილი