შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. ახალი კამპანიის – "პროფესია პოლიციელი" მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ.
განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები და პროექტი "პროფესია პოლიციელი" ამას ხელს შეუწყობს.
"უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები და ის პროექტი, რომელიც დღეიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდება და დაიწყება, ემსახურება სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების ვიზიტების ორგანიზებას საპოლიციო დანაყოფებში, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა თუ რა ტექნიკური საშუალებებით ხდება პოლიციის საქმიანობის განხორციელება. ასევე, ეს არის ერთგვარი პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის, რომ მათ სამომავლოდ, პოლიციის მიმართულება აირჩიონ კარიერული განვითარების მიმართულებად", - განაცხადა გივი მიქანაძემ.