თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სანდრო წივწივაძის პროცესი გაიმართა. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. საქმის არსებითი განხილვა 25 დეკემბერს დაიწყება, სადაც ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.
"ბრალდების მხარემ დაიწყო საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულის სანდრო წივწივაძის მიმართ. აღნიშნული საქმით გამოყოფილია ლევან ჯანგველაძის შეკვეთა ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმიდან. დღეს წარვადგინეთ განაჩენი, რომელიც დაერთო საქმეს და ბრალდების მხარეს სამართლებრივ შეფასებაში დაეხმარება მნიშვნელოვანწილად.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს როგორც ვიდეომასალა, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში დაადასტურებს სანდრო წივწივაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას“, - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
პროკურატურამ წივწივაძე მაისში დააკავა. მას იარაღის გასაღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ წივწივაძეზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს. შემდეგ კი ეს იარაღი მან მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.