თავისუფალი ფოტოგრაფის 36 ფოტოსურათი რომელიც 36 განსხვავებულ ამბავს ყვება მაღალმთიანი აჭარის მომთაბარეთა ცხოვრების შესახებ. კადრები, რომელიც ისტორიას ინახავს. ამბები, რომელიც დროის ცვალებადობის მიუხედავად, მაინც გრძელდება.
„ცვალებადი ლანდშაფტები“ სწორედ ასეთი ისტორიების ნაზავია - ნათელა გრიგალაშვილის მიერ ადამიანების ყოველდღიურობაში დაჭერილი მომენტები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 36 ფოტო დამთვალიერებელს 36 განსხვავებულ ამბავს უყვება.
გამოფენა მაღალმთიანი აჭარის მომთაბარეთა ცხოვრების ვიზუალური კვლევაა, სადაც ადგილობრივი ოჯახები მთასა და ბარს შორის სეზონურ მიგრაციას დღემდე განაგრძობენ. პასტორალური მომთაბარეობის ტრადიციამ, რომელიც აქ უკვე საუკუნეებია, დიდი გავლენა მოახდინა ამ თემის ცხოვრების რიტმისა და გარემოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. ასე იქცა ტრადიცია რეგიონის კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილად.
ფოტოგრაფის შემოქმედება პოპულარულია ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ფოტოსერიამ მაღალმთიან აჭარაზე არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და მთავარი ჯილდოც მოიპოვა. დიდი ხნის შემდეგ, საქართველოში ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა, რომლისთვისაც ნამუშევრები საგანგებოდ შეირჩა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფის პერსონალური გამოფენა ხვალ გაიხსნება. დამთვალიერებელს მისი ნახვა 31 დეკემბრამდე შეეძლება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.