ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს და მმართველი ორგანოების წევრებს ირჩევს. ასოციაციაში დღეს და ხვალ საერთო კრება იმართება. დარეგისტრირებულია თავმჯდომარეობის ექვსი კანდიდატი. პროცესს თავმჯდომარეობის კანდიდატების 24 და 11 არასამთავრობო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
დავით ასათიანი, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ამბობს, რომ ამაყია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ადვოკატები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ პროფესიულ ვალდებულებებს.
"ჩვენ გვეამაყება ის, რომ შევინარჩუნეთ და გავაძლიერეთ ჩვენი პროფესიული თვითმმართველობა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი აპოლიტიკური სტატუსი. მე პირადად, ამაყი ვარ იმით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ადვოკატები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ პროფესიულ ვალდებულებებს. არასდროს არ შეშინებია არც ერთ ადვოკატს აქტიური მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვებში, დაეცვათ მათი კლიენტები, გაეკეთებინათ მწვავე განცხადებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განვითარების გზა, რაც რვა წლის და საერთო ჯამში, დაარსების დღიდან, 20 წლის განმავლობაში გაიარა ქართულმა ადვოკატურამ, გაგრძელდება," - აცხადებს დავით ასათიანი.