ნიდერლანდების სამეფოში გურამ ოდიშარიას ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნი წიგნების პრეზენტაცია და ლექცია-სემინარები გაიმართა.
საერთაშორისო პროექტის ორგანიზატორები ნიდერლანდებში მცხოვრები ფონდ "დიასპორას სამყაროს" დამფუძნებელი ლალი ბუთბაია და მთარგმნელი არჩილ ჯავახაძე არიან. პირველი შეხვედრა ლეიდენის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელი ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესურასთან გაიმართა, სადაც რომანის "სათვალიანი ბომბის" ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაციაც მოეწყო. საგულისხმოა, რომ გურამ ოდიშარიას ნაწარმოებები 30 ენაზეა ნათარგმნი. მათ შორის 3 რომანი ნიდერლანდურ ენაზე არჩილ ჯავახაძემ თარგმნა.
შემდეგ, ქართველ მწერალს ორგანიზაცია "კვინტა ესენციას" დამფუძნებელმა იოკე ვან დერ ვაიდემ ჰოლანდიელ მკითხველთან ერთად უმასპინძლა.
გურამ ოდიშარია ანტვერპენის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებულ ლიტერატურულ თეატრ "ჩვენ დავბრუნდებით" დამფუძნებლის მანანა ხორბალაძის თანადგომით, ბელგიაში მცხოვრებ ემიგრანტებსაც შეხვდა.
ბოლოს კი, გურამ ოდიშარიამ თავის ნაწარმოებებზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების მოძიებასა და ქართულ-აფხაზური თანაცხოვრების პერსპექტივებზე ქალაქ ჰააგაში მდებარე რესტორან "სოხუმში" შეკრებილ ემიგრანტებთან ისაუბრა. აღნიშნულ შეხვედრებს აფხაზებიც დაესწრნენ, რომლებსაც ქართულ-აფხაზური კონფლiქტის შემდეგ ნიდერლანდებში მოუწიათ ემიგრაცია.