ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდების მხარე ფარცხალაძისთვის დაუსწრებლად წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ამავდროულად, ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება. ყოფილი მთავარი პროკურორი საგამოძიებო უწყებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად გუშინ დაასახელა.
უწყების განცხადებით, სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისის ცენტრში, ბიზნესმენის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა. შეგახსენებთ, უშუალოდ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს. საქმეში ფიგურირებს კიდევ რამდენიმე პირი.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან, რადგან უთანხმოება ჰქონდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით.
"ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებულია ასობით მტკიცებულება, რომლითაც დგინდება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ბრალეულობის საკითხი. ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, ბრალდებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა, რადგან არსებობს როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც.
რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაკვირველია, არის მოწმეთა ჩვენებები, გარდა ამისა, საქმეს დაემატა დამატებითი მოწმეები, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეების მხრიდან. მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რადგან დაპირისპირებული იყო, უთანხმოება ჰქონდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით. გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებები ასაბუთებს ყველა ბრალდებულის ბრალეულობას, მათ შორის ერთს უკვე მისჯილი აქვს", - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.
ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად არ არსებობს.
"პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელზეც ბრალდების მხარე ასე ხშირად აპელირებს, ფიზიკურად საქმეში არ არსებობს. პირდაპირი მოწმის ჩვენება, პირდაპირი მტკიცებულება, პირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ოთარის შემხებლობას თუ ბრალეულობს დაადასტურებს, არ არსებობს. მხოლოდამხოლოდ არსებობს ირიბი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი არ არის ბრალის წარსადგენადაც კი,"- აცხადებს გაგი მოსიაშვილი.