თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაკავებულებს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება.
"ზოგიერთი ბრალდებულის მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ იგი ეზოში შესული არ არის. თუმცა, ეს ბრალდებულები დგანან ეზოსთან, ღობესთან, ზოგიერთი მათგანი ცდილობს, რომ დააზიანოს ღობე, ზოგიერთი მათგანი კი ისვრის გარკვეულ საგნებს იქ მყოფი პოლიციელების მიმართულებით. ის ბრალდებულები, რომლებიც ზიან საბრალდებო სკამზე და რომლის მიმართაც გამოვიკვლიეთ ეს ვიდეოჩანაწერები, ყველას მიმართ ჩანს, რომ ან ერთ შემთხვევაში შედიან შიგნით და ცდილობენ შეჭრას სასახლეში, მეორე შემთხვევაში ზოგიერთი მათგანი ცდილობს ღობის დაზიანებას ან აზიანებს ღობეს და ასე ცდილობს შეჭრას სასახლეში და ზოგიერთი მათგანი ისვრის გარკვეულ ნივთებს. ეს პირები მოქმედებდნენ ერთიანად, ერთი საერთო მიზნიდან გამომდინარე და მოწოდების შემდგომ მოქმედებს ყველა", - აცხადებს პროკურორი როინ ხინთიბიძე.