05 აგვისტო 2026,   09:51
ვრცლად
ქართული თეატრის 176 წლის იუბილე - ხვალ, ხელოვნების სასახლე დამთვალიერებელს უნიკალურ გამოფენას შესთავაზებს

კარნავალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო - ვენეციური "ჯოლი" - ჯესტერის ტიპის ნიღაბი კომედია დელ არტეს თეატრალურ ტრადიციას უკავშირდება და ერთ-ერთი ის უნიკალური ნიმუშია, რომელიც ხელოვნების სასახლეში პირველად გამოიფინა.

ექსპოზიცია სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის თეატრალურ, რელიგიურ და საკარნავალო ნიღბებს მოიცავს. მრავალსაუკუნოვან ისტორიას ასახავს ქართული თეატრალური ბერიკაობისა და უნგრული ფოლკლორული ბუშოს ნიღბები.

საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს აფრიკული, მონღოლური, ინდური, იაპონური და სხვა კულტურების ნიღბები დახვდება.

მათ შორის არის ბერძნული ტერაკოტის ნიღაბი, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში სხვადასხვა თეატრალური დადგმის დროს გამოიყენებოდა.

საქართველოში კი სწორედ ბერიკაობის ტრადიციიდან იღებს სათავეს თეატრის ისტორია, სადაც ნიღაბს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. სიმბოლურია, რომ ნიღბების გამოფენაც ქართული თეატრის 176 წლის იუბილეს ეძღვნება.

ექსპოზიციის ნაწილი შოთა თხილიშვილის უნიკალურ ნამუშევრებს დაეთმობა. ის თვითნასწავლი ხელოვანია და დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით ერთადერთი ნიღაბთა ოსტატია. მისი შემოქმედება რელიეფურ ხელოვნებას, ისტორიას, მითოლოგიასა და ტრადიციული ნიღბების ხელობას აერთიანებს. ავტორს შემუშავებული აქვს ინდივიდუალური ტექნიკა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.

"ნიღბების გამოფენა" საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში ხვალ გაიხსნება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები