05 აგვისტო 2026,   02:18
ვრცლად
გალაკტიონის უცნობი ჩანაწერები - უნიკალური მასალა, რომელიც მუზეუმების გაერთიანებამ კერძო პირისგან შეიძინა

მე შემეძლო რომ უკვდავ მეყო ჩემი სახელი..

შემექმნა ძეგლი ხელთ უქმნელი, ფას-უდებელი

მის ფერხთა ქვეშე თვით დიდება მტვრად იქცეოდა..

დიახ..სახელი უკვდავების დამერქმეოდა!


მე მქონდა ძალა..აღმაფრენა, ნიჭი და სული..

თვითონ ბუნების მე მესმოდა წრფელი ჩურჩული..

ერთ დროს, ძლიერად იქცეოდა სიმართლის ქნარი..

ყურს დაუგდებდა მქუხარე ხმებს ბრბო უმეცარი.


დაფნის გვირგვინი მეც ხომ მაშინ შუბლს შემიმკობდა

და გრძნობას ციურს, ჰარმონიულს გული იგრძნობდა.

ანგელოსთ დასი მწყობრ სიმღერას შემოსძახებდა..

და არე მარეს ნეტარებით კვლავ აღაგზნებდა.


ნუ შეგაშინებს ეგრე მწარედ მტარვალთა ძალი.

თუ ჩემს ხელთ არის,ჰოი ზეცავ, თვით მომავალი?

რად უნდა მოვკვდე მითხარ ზეცავ, მითხარი რისთვის?

განა მეტი ვარ სამშობლოსთვის ბედკრულ ხალხისთვის?


რად ვერ ამჩნევენ ჩემში იმას, რაც ნამდვილ არის,

რად სურთ გამხადონ შეუმჩნევლად მსხვერპლი სამარის?

რად სურთ ჩააჭკნონ ნორჩი ყვავილი..’

 Open photo

დროში გაცრეცილი, გაყვითლებული ფურცლები, ზედ მკვეთრი, ოდნავ დაძაბული კალიგრაფია - საუკუნის წინანდელი გალაკტიონის დაკარგული ჩანაწერები ახლა საარქივო ფონდშია დაცული. ჩანახატები, ლექსები, პიესები, უბის წიგნაკი, პირადი წერილები - ტექსტები არცერთ კრებულს, არც მეგობრების მოგონობებს ემთხვევა. უნიკალური მასალა, 2022 წელს მუზეუმების გაერთიანებამ კერძო პირისგან შეიძინა და მისი შესწავლა ახლაც გრძელდება. როგორ აღმოჩნდა კრებული მის ხელში ჩვენთვის უცნობია. 

 Open photo

"ნამი"


რა მშვნიერი იყო ნამი ყვავილის გულზე

ცა ვარსკვლავებით მოჭედილი ზე დასცქეროდა..

თითქო ცის შვილის ყოფნას ვარდზე და სიყვარულზე

განცვიფრდებოდა..თვალს ლულავდა..არა სჯეროდა!


.. რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე..

მზე სხივს აფქრვევდა..ათას ფერად ღვიოდა ნამი.

შიგ იხატვოდა, როგორც ამაყ ზღვათა უფსკრულზე

ზეცის შვენება, ზეცის სხივი..ზეცის კამკამი!


დღეს აღარ არი..წაყვა მზის შუქს აციმციმებულს

დალია სული სიყმაწვილის ნაზ გაზაფხულზე.

მაგრამ მგოსანი კვლავ იგონებს მის ნეტარ წარსულს!

..რა მშვნიერი იყო ნამი ყვავილის გულზე.. ‘

 Open photo

მუზეუმის თანამშრომელი გვიყვება, რომ როდესაც გენიოსი მწერალი სტუმრად მიდიოდა, ჯიბიდან იღებდა და საჩუქრად გადასცემა იმ ჩანაწერებს, რომლებიც თან ჰქონდა. მეცნიერები მასალის აღდგენასა და გაშიფვრაზე უკვე წლებია მუშაობენ.

 Open photo

ჩანაწერების უმეტესობა თარიღის გარეშეა ან  შეცვლილია. სიტყვებით თამაში, გაურკვეველი ფონი - მისი ჩვეული სტილი ახლად აღმოჩენილ ნამუშევრებშიც იკითხება.

ყველა ლექსი რიტმულია, ამბობენ, რომ გალაკტიონს უბის წიგნაკი ყოველთვის თან დაჰქონდა, ბგერებზე და ჟღერადობაზე განსაკუთრებით ბევრს ვარჯიშობდა. 

Open photo 

მისი შემოქმედებითი ლაბორატორია გაცილებით ფართო და მდიდარია, რაც მოულოდნელად აღმოჩენილმა პიესებმაც დაადასტურა. ეს არის ჟანრი, რომელშიც აქამდე გალაკტიონი არავის უნახავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისშია შექმნილი. "სულის მიმღები ანგელოზი", "აბესალომ და ეთერი", "აღსარება". აქედან ორი სხვადასხვა პიესის გმირია გოგონა სახელად - ზულეიმა, ტრაგიკული ბედისწერით.

Open photo

სანამ გალაკტიონი არტისტული გარდატეხის ზღვარზე დადგებოდა, სანამ მისი პოეტური ფანტაზია აფეთქდებოდა და "არტისტული ყვავილები" გამოვიდოდა, რამდენიმე წლით ადრე დედას ყოფითი პრობლემებით დატვირთულ წერილებს უგზავნიდა. 

"ძვირფასო დედა-ჩემო! ეს მეორე წერილია, რაც ვაგზავნი და პასუხი არ მომდის..რა ამბავია?

მე არა მიჭირს - რა, კარგადა ვარ, ანდა რა უნდა მომსვლოდეს, რომ აბესალომისთვის მიგიწერია; თუ წერილი არ მომივიდა, უნდა გადავვარდე და ვნახოვო. შენ იქნება ახლა გგონია, და ამ სიშორეზე წამოსვლა ხუმრობა კი არ არი..თუ რამე გამიჭირდა მე თვითონ მოგწერ წერილს და გათავდება.. სულ მუდამ ხომ ბავშვი არა ვარ, რომ გადიასავით მილოლიავო, ეხლა ჩემს თავსაც მოვუვლი, თუ სხვას ვერაფერი ვარგე. ციმბირში კი არა ვარ, რომ კაცმა ვერაფერ გაწვდინოს. ნუ გექნება, ჩემი დარდი, მხოლოდ თავს მოუფრთხილდი და ნუ შესწუხდები. ეხლა შრომა ბევრი გვექნება, მაგრამ რა მოვახერხო? მეც არა ვარ მაინცა და მაინც თავისუფალი.. მშვიდობით, აღდგომამდის ვერ მოვდივარ. გალაკტიონ".

Open photo

გალაკტიონ ტაბიძის წერილი დედას

"ძვირფასო დედა! გისურვებ ბედნიერ და ხანგრძლივ ცხოვრებას. მე მარიგებთ, რომ ჯანმრთელობას მოვუფრთხილდე, მაგრამ თქვენც ასე გმართებთ რომ მოიქცეთ. მე ეხლა კარგად ვარ, წინად ვიყავი სუსტად. მოკლე ხანში ვაპირებ ჩამოსვლას დასასვენებლად. ნახვამდის, ძვირფასო დედა. ჩემს შესახებ ნუ იჯავრებ - ჩემი საქმეები, საზოგადოთ, კარგად მიდის და დიდი იმედები მაქვს მომავლის მარად ერთგული და მოყვარული შენი შვილი გ.ტ.

შენგან გამოგზავნილი სავსე კალათი აბესალომმა ნახევარი მოიტანა აქ და მეორე ნახევარი თვითონ შეჭამა".


"მაკრინე გეორგევნა ტაბიძეს. დედა, კიდევ ვიმეორებ, რომ ცხოვრებაში უპირველესი მიზანი ჯანმრთელობაა. თავს მოუფრთხილდი და კარგად იყავი".‘

თითოეული წერილი განსაკუთრებული სითბოთია გაჯერებული. გალაკტიონი  მშიერი, გაჭირვებულია, მაგრამ დიდი მოლოდინებით სავსეა. 

"საყვარელო დედა! ჩვენ დაგვითხოვეს მაისის 28 რადგანაც ჩვენი სმიტრეტელი მოჰკლეს. ბილეთები დაგვირიგეს, მე ურეპეტიციოდ გადავედი. ხაზეიკა სოფელში არ მიშვებს რადგანაც ფული მოტანილი არა გვაქვს. მეუბნება - სულ არ გაგიშვებ სანემ ფულს არ მოიტანო. წერილს ვაგზავნი და ფული რაც შეიძლება ჩქარა გამოაგზავნეთ! თუ გსურთ სოფელში წამოვიდე.

აბესალომს რ..გონეთ რაც სიმონას დავაბარე. გწერს შენი შვილი გალაქტიონ ტაბიძე".

4 წლის წინ ნაპოვნი გალაკტიონი ჯერ შეუსწავლელია. ბურუსი და ბევრი ღიად დარჩენილი კითხვაა, რომლებსაც წლებთან ერთად პასუხი ლიტერატურის მკვლევრებმა უნდა გასცენ.

Open photo 

 

დღის ამბები