"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილის ერთობას მმართველი გუნდი. გაერთიანებაში მყოფი 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. რაც შეეხება თავისუფლების მოედანს და მის ლიდერს ლევან ცუცქირიძეს - მან 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს არჩევნების ეგზიტპოლი გაუკეთა და, "ქართული ოცნების" განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა.
საუბარია 2008 წლის არჩევნებისთვის შექმნილ ინსტიტუციურ კოალიციაზე, რომელმაც ერთობლივად ჩაატარა ე.წ. ეროვნული ეგზიტპოლი. ამ კოალიციაში შედიოდა ოთხი ორგანიზაცია: GIPA, ილიაუნი, "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" და "რონდელის ფონდი". ლევან ცუცქირიძე, როგორც GIPA-ს რექტორი, ამ ეგზიტპოლის პროცესში ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დღეს მთავარი არის აწმყო და მომავალი და არა წარსული.
"როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს და ალბათ "ქართული ოცნების" რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო, ამიტომ დღეს მთავარი არის არა წარსული ჩვენთვის, არამედ აწმყო და მომავალი. აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, საზოგადოების კონსოლიდაციას. მთავარი არის ერთიანობა საერთო გამარჯვებისთვის", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე