5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 6 საათია გრძელდება. დღეს სხდომა ახალ ეტაპზე გადავიდა. კითხვებს მოპასუხე მხარეს, ამჯერად მოსარჩელეები უსვამენ.
"ქართული ოცნების" შეკითხვები ხუთივე პარტიას მიემართება. მოსარჩელე სხვადასხვა თემით ინტერესდება, მათ შორის, კითხვები ეხება 2008 წლის ომის შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც მხარი სააკაშვილის მთავრობამ დაუჭირა, ასევე, კონსტიტუციური ორგანოების აღიარებას, ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნას და ძალადობრივ აქციებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია თავს არიდებს კონკრეტულ პასუხებს.
"რატომღაც ჩამოუყალიბდათ ასეთი აზრი, რომ, როცა რაღაცას იტყვიან, ის აღარ გადამოწმდება. არადა სასამართლო ზუსტად ამისთვის არის შექმნილი, რომ ეს გადამოწმდეს. თვითონვე მოითხოვეს, რომ, აბა სად გავაკეთეთ ჩვენ ძალადობის მხარდამჭერი განცხადებებიო? როდესაც დავიწყეთ ამის დემონსტრირება, ყველანაირად შეეცადნენ, რომ ეს ჩაეშალათ, პასუხების გაცემა არ უნდათ, თავს არიდებენ, იქიდან შემოუვლიან, აქედან შემოუვლიან, ოღონდ კონკრეტული პასუხები არ გასცენ. ეს არის მათი ტაქტიკა, მაგრამ ეს დააზარალებს მათ და უნდა დაზარალდნენ კიდევაც.
ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი, მაშინ არ უნდა წამოვიდეს და არ უნდა დადგეს სასამართლოს წინაშე, ან თუ ტყუილის თქმას აპირებს, მითუმეტეს, არ უნდა დადგეს სასამართლოს წინაშე", - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.