18 ნოემბერი 2026,   18:50
ვრცლად
გიგა ავალიანის საქმეზე ცალკე გამოყოფილ, დიდი დიღმის ძალადობრივ ეპიზოდზე, დემეტრე კასრაძე და ირაკლი სულაბერიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე ცოტა ხნის წინ განაჩენი გამოცხადდა. საქმე ეხება დიდი დიღმის ძალადობის ეპიზოდს, რომელზეც ბრალი წარუდგინეს დემეტრე კასრაძესა და ირაკლი სულაბერიძეს. სასამართლომ კასრაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დამნაშავედ ცნეს სულაბერიძეც. მისთვის სასჯელი კი 24 ნოემბერს დაგეგმილ პროცესზე განისაზღვრება.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, რასაც თან ახლავს ძალადობა.

სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა საქმის პროკურორმა. როგორც ქეთევან სონიძე განმარტავს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, კასრაძეს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და 9 თვის ვადით განესაზღვრა.

"ორივე მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლი სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

დემეტრე კასრაძის მიმართ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ გამოაცხადა დანიშნული სასჯელის ზომა და სახე, ეს გახლავთ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთან მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და 9 თვის ვადით.

რაც შეეხება ირაკლი სულაბერიძეს, აღნიშნული პირი ჯერაც არასრულწლოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მან, როგორც არასრულწლოვანმა ისე ჩაიდინა დანაშაული, ჯერ არ შესრულებია 18 წელი, შესაბამისად, კანონმდებლობა მოითხოვს, რომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა ცალკე გაიმართოს, შესაბამისად მომდევნო სასჯელის დანიშვნის სხდომა მხოლოდ ირაკლი კასრაძის მიმართ ჩაინიშნა 24 ნოემბერს", - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები