27 ნოემბერი 2026,   11:04
ვრცლად
ეს არის აბსოლუტურად უპატივცემლობა ქართული სახელმწიფოს მიმართ - თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო უწყებაზე

რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება სამწუხაროა და ქართული სახელმწიფოს მიმართ უპატივცემლობაა.

"ეს არის აბსოლუტურად უპატივცემლობა ქართული სახელმწიფოს მიმართ. იმიტომ, რომ ამ თემაზე განახლების არ გაკეთება, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური განცხადების შემდეგ, არის ხაზგასმით გამოხატვა იმისა, რომ პატივს არ სცემენ. მხოლოდ ელჩის პირად დამოკიდებულებას არ უკავშირდება და სამინისტროც იმავე ნაბიჯებს დგამს, ეს ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. ჩვენ ამ უპატივცემლობას მივეჩვიეთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ. თუ სხვა ქვეყნების მონაცემები არის განახლებული და განცხადების შემდეგაც კი არ ახლდება ქართული სახელმწიფოს მონაცემები, ეს წარმოუდგენელია. მაშინ, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა ამ საკითხზე და ამის შემდეგ კიდევ, თუ განახლება დაიგვიანებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, უფრო სწორედ, ძალიან კარგადაც წარმოვიდგენდი, უბრალოდ სამწუხაროა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია. ამ თემაზე მაკა ბოჭორიშვილს ირაკლი შატაკიშვილმა სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღის ამბები