05 აგვისტო 2026,   01:40
ვრცლად
უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას და რეალიზაციას გეგმავდნენ - დეტალები აჭარაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაზე

ბათუმის პორტში ბულგარეთიდან ავტომობილებით დატვირთული ბორანი შევიდა. მალევე პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ ერთ-ერთ ავტომობილში ნარკოტიკების სამალავი ჰქონდათ მოწყობილი. მანქანა, რომელშიც 449 აბი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი ინახებოდა, "კურიერმა" ბათუმის პორტში გადაიღო. შავი ფერის "მერსედესის" მარკის ავტომობილი ბაბაკ ზარე ნაჰანდის საკუთრება იყო. ის ირანის და გერმანიის ორმაგი მოქალაქეა. შავი ფერის "მერსედესი" ახლა დალუქულია და საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა.

"კურიერისთვის" კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი: ირანის და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მამაკაცი, შემოტანილი ნარკოტიკის გავრცელების შემდეგ, სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლას აპირებდა. წინასწარ შემუშავებული გეგმა ჩაეშალა - პოლიციამ მას ბათუმის პორტში, მანქანიდან გამოსვლისთანავე, დაადო ხელბორკილები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მებაჟე ოფიცრებთან ერთად, კიდევ ერთი ნარკოდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს.

სამართალდამცველებმა ამჯერად თურქეთის მოქალაქე, 30 წლის ქალი დააკავეს. კოკაინი და 50 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება სხეულზე ლენტით ჰქონდა შემოხვეული.

ნარკოდანაშაულისთვის აჭარაში უკრაინის მოქალაქეც დააკავეს. ნარკოდანაშაულის კვალზე გასულმა პოლიციამ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. უკრაინის მოქალაქე შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე დროებით ცხოვრობდა. ეს კადრები მის ნაქირავებ ბინაშია გადაღებული. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაფასოებული და გასაყიდად გამზადებული მეთადონი საძინებელ ოთახიდან ამოიღეს. ბოჰდან როსიაკს სახლში ელექტროსასწორები, წებოვანი ლენტები და ჩამკეტებიც ჰქონდა.

უცხო ქვეყნის სამივე მოქალაქის საქმეში, ნივთმტკიცების სახით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი დევს. მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

სხვა ნარკოდანაშაულისთვის აჭარაში და თბილისში დაკავებულია კიდევ სამი პირი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს. პირადი ჩხრეკისას და სამალავებიდან გასაყიდად გამზადებული მეთადონი, „ალფა-პვპ“ და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.

დღის ამბები