05 აგვისტო 2026,   07:29
ვრცლად
ბავარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სამი ძირითადი მიმართულებით ითანამშრომლებს - KIU-ს დელეგაცია გერმანიაში

ბავარიის ევროპულ საქმეთა სამინისტროში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლეს. საქართველოს წარმომადგენლებს პირადად მინისტრი შეხვდა. ისტორიულ შენობაში გამართული ერთსაათიანი შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდა.

მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბავარიის მიწა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სამი ძირითადი მიმართულებით ითანამშრომლებს: დაეხმარება ფუნდამენტურ კვლევებში, გაცვლით პროგრამებში და გრანტებისა და სტიპენდიების მოძიებაში.

კონკრეტული შედეგებით დასრულდა ქართული მხარის შეხვედრა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. შეთანხმების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციებს გერმანიიდან ჩასული პროფესორ-მასწავლებლები ჩაატარებენ.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება მიუნხენში გამართული შეხვედრების მთავარი თემა იყო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია მიუნხენში უკვე ორი დღეა ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან იურიდიული მიმართულებითაც ითანამშრომლებს.

საქართველოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ბავარიის დედაქალაქში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფება. ორ უმაღლეს სასწავლებელს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

დღის ამბები