ბელგიურმა კომპანიამ ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმტეხის მშენებლობის სამუშაოები უკვე დაიწყო. დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაოები, ადგილზე მომარაგებულია მშენებლობისთვის საჭირო მასალა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა. პროცესისთვის მზად არის ძირითადი კომპონენტები - მობილიზებულია კლდოვანი მასის ქვის ლოდები და სპეციალურად წარმოებული ე.წ. იქს-ბლოკები.
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად ადგილზე უკვე დამონტაჟებულია და სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა. მოწყობილია ინერტული მასალების საწყობები და აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხის დამცავი "იქს-ბლოკების" ჩამოსხმა. სამშენებლო პროცესს წინ უძღოდა დეტალური კვლევითი სამუშაოები, რის შემდეგაც გამოვლინდა კონტრაქტორი - ევროპული ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი მსხვილი საერთაშორისო კომპანია.
საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, პორტის სრულად ამოქმედებისთვის დაგეგმილია საავტომობილო გზისა და სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. 18-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ზოლი. ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას და ანაკლიის ინტეგრაციას შუა დერეფნის სატრანსპორტო ქსელში.
52 მილიონი დოლარი - ეს არის ის თანხა, რომლითაც სამუშაოების მთლიანი ღირებულება შემცირდა. შედეგი კონტრაქტორ კომპანიასთან გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად დადგა. ცვლილება პროექტის პარამეტრებს არ შეხებია და ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკას. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის შუა დერეფნის გამტარუნარიანობასა და ოპერაციულ ეფექტიანობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
მასშტაბური პროექტის მიხედვით, ანაკლიაში ზღვის ფსკერი 17.5 მეტრამდე დაღრმავდება. დაგეგმილია 6 მილიონი კუბური მეტრი გრუნტის ამოღება და 1 380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ პორტი ბევრად უფრო დიდი ზომის გემების მიღებას შეძლებს, რაც გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და გააძლიერებს მის როლს საერთაშორისო გადაზიდვებში.
ავტორი: ირაკლი კოშაძე