თეთრ პერანგზე დატანილი სურვილები, ნაჩქარევად დატოვებული ავტოგრაფები და გულწრფელი მილოცვები - ასე გამოიყურება დღევანდელი დღის ემოციური ქრონიკა, რომელიც სკოლაში გატარებულ წლებს სამუდამოდ შეინახავს.
საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. სიმბოლური ზარით მეთორმეტეკლასელებისთვის ბავშვობის ეტაპის დასრულება და დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი აღინიშნა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც სკოლის დამთავრება 125-მა მოსწავლემ იზეიმა.
საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლო ზარით აღნიშვნის ტრადიცია წლებია არსებობს. ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კულტურული, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ღონისძიებები გამართეს.
დილიდან საზეიმო განწყობა იყო თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, სადაც ბოლო ზარი სიმღერით, ცეკვით, ყვავილებით და სიმბოლურად გაშვებული ბუშტებით აღნიშნეს.
ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა განათლების მინისტრმა მიიღო. გივი მიქანაძემ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სამახსოვრო წარწერები დაუტოვა და ცხოვრების მომდევნო ეტაპზე წარმატებები უსურვა.
განსაკუთრებული ბოლო ზარი იყო წელს თბილისის 127-ე სკოლისთვის. რეაბილიტირებულ სკოლაში ღონისძიება ტრადიციული თეთრი მაისურებით, სამახსოვრო წარწერებით, მუსიკითა და სხვადასხვა თეატრალური დადგმით აღინიშნა.
მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ქვეყნის ხვალინდელი დღე.
20 მაისს საქართველოს სკოლებში სწავლა 42 738-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი