თბილისსა და კოპენჰაგენს შორის გეოგრაფიული მანძილი 3 600 კილომეტრზე მეტია, თუმცა, პოლიტიკური ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო დიდია დანიის ხელისუფლების აცდენა იმ რეალობასთან, რომელიც მშვიდობიან პროტესტსა და ძალადობრივ ესკალაციას უშეცდომოდ უნდა ასხვავებდეს.
2024 წელს, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლი ენთო, კოპენჰაგენიდან ეს სურათი სულ სხვა ოპტიკით ჩანდა. მაშინ იქ ამ ყველაფერს "მშვიდობიან და დემოკრატიულ პროცესს" უწოდებდნენ. მოლოტოვის კოქტეილების პირისპირ მდგარ სპეცრაზმს - ძალადობაში, ხელისუფლებას კი ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებდნენ. ტერმინოლოგიური სიზუსტე მაშინ ოფიციალური კოპენჰაგენისთვის გეოგრაფიულ კოორდინატებზე იყო დამოკიდებული.
თუმცა, 2026 წლის 13 მაისს "კოპენჰაგენის სტანდარტში" გეოგრაფიული წითელი ხაზები გაჩნდა. ირკვევა, რომ, დანიური პოლიტიკური აღქმით, ცეცხლი თბილისში დემოკრატიის გამოხატულებაა, კოპენჰაგენში მშვიდობიანი პროტესტი კი - ეგზისტენციალური საფრთხე დანიის სამეფოსთვის; თან იმდენად საშიში, რომ შეკრებილ თხუთმეტიოდე ადამიანს ადგილობრივი პოლიცია ხელკეტებით უპირისპირდება და ძირს დავარდნილს გაწვრთნილ ძაღლსაც მიუქსევს.
ალბათ, ეს არის პროპორციულობის ის უცნაური ევროპული ნორმა, რომელსაც თბილისისგან ასე დაჟინებით მოითხოვდნენ - ნორმა, რომელსაც დანიელი ხალხი გმობს, თუმცა საკუთარი ხელისუფლება ყურადაც არ იღებს. პოლიტიკურ ანალიზსა და ჟურნალისტიკაში ორმაგი სტანდარტი გეომეტრიული ფორმულით იშიფრება: ერთი და იგივე ქმედება იღებს რადიკალურად განსხვავებულ შეფასებას იმის მიხედვით, თუ ვინ არის მისი შემოქმედი ან ვისკენ არის მიმართული.
ამ რეალობის შემდეგ ხვდები, რომ დღევანდელ მსოფლიოში სამართალს, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს აღარ აქვს ერთი, უნივერსალური სტანდარტი. ხვდები იმასაც, რომ ეს სტანდარტი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ქვეყნის საგარეო უწყების პრესრელიზს კითხულობ მოცემულ მომენტში.
ერთიანი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, დგება მომენტი, როდესაც უპირველესი საკუთარი სიმართლის დაცვაა. სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვები ორმაგი სტანდარტის ავტორებთან, რომლებზეც პასუხის გაცემა მათ უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში აქცევს.
რამდენად შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს ის, რაც კოპენჰაგენის ქუჩებში მოხდა? - ეს ლეგიტიმური კითხვა დანიის ხელისუფლებას "კურიერმაც" არაერთხელ დაუსვა, თუმცა, პასუხის გაცემის ნაცვლად, ევროპელმა ბიუროკრატებმა კვლავ ნაცად ბიუროკრატიულ ხრიკს მიმართეს - საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა, საგარეო უწყებამ - იუსტიციის სამინისტროსთან. აქ კი უკვე არავის აღარაფერი უთქვამს.
დანიის ხელისუფლების ამ დუმილს ძალადობაზე თავად დანიელი ხალხი მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნის - ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომები დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კრიტიკას.
მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში თბილისში მიმდინარე ძალადობრივი აქციები დასავლეთიდან "მშვიდობიანად" მოინათლა, ხოლო 2025 წლის 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე - დემოკრატიის გამოხატულებად გამოცხადდა, ევროპული ბიუროკრატიის ქმედებები უკვე აღარავის აკვირვებს. დუმილი ევროპული დედაქალაქებიდან აღრმავებს ეჭვს, რომ სიჩუმე სიმართლეს იმდენად ხმამაღლა ამხელს, რომ, პოლიტიკური გავლენების მიუხედავად, მისი გადაფარვა შეუძლებელი ხდება.