ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა, პოლონეთის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრი და ორი საღამო, რომელმაც თბილისში ევროპული მუსიკალური ტრადიციები გააცოცხლა. ცნობილი მუსიკოსები ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგნენ.
საორკესტრო საღამოებს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უძღვებოდა.
პირველი საღამო დრამატული და მონუმენტური იყო. სცენა მსოფლიოში აღიარებულ ჩელისტს, მაჩეი კულაკოვსკის დაეთმო - დარბაზში ანტონინ დვორჟაკის ჩელოს კონცერტი და პეტრე ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია აჟღერდა.
ფესტივალის მეორე საღამოზე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის 25-ე საფორტეპიანო კონცერტი, ვიტოლდ ლუტოსლავსკის “მცირე სუიტა” და რიხარდ შტრაუსის საორკესტრო სუიტა ოპერიდან “ვარდის რაინდი” შესრულდა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად იმართება. ორგანიზატორების თქმით, მიზანი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის დასკვნითი კონცერტი დღეს გაიმართა. საერთაშორისო ფესტივალი კულტურის სამინისტროს, “შემოქმედებითი საქართველოსა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი