"არ უნდა იყოს ნატო გაფართოებაზე ორიენტირებული, თუ ეს მოხდება, თუ საქართველო ღიად მოინდომებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ის უკრაინის ბედს გაიზიარებს", - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი დენიელ დევისი საუბრობს.
დენიელ დევისმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ნატო არ დაიცავს არაწევრ ქვეყანას.
"ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დაუახლოვდეს საქართველოს. ეს რეგიონი ვაშინგტონისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში სხვადასხვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნებს ემეგობრებოდა იმის მიხედვით, ამ ქვეყნებს ჰქონდათ ურთიერთობა მხოლოდ ამერიკასთან თუ სხვა ქვეყნებთანაც. ჩამოყალიბდა ცრუ ნარატივი პრორუსულობისა და პროამერიკულობოს შესახებ. ეს უნდა დავივიწყოთ. არ უნდა იყოს ნატო გაფართოებაზე ორიენტირებული, თუ ეს მოხდება, თუ საქართველო ღიად მოინდომებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ის უკრაინის ბედს გაიზიარებს. ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა აქ 2008 წელს, ნატო არ დაიცავს არაწევრ ქვეყანას", - აცხადებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი დენიელ დევისი.
თბილისის მდგრადი განვითარების მე-16-ე რეგიონული ფორუმი გრძელდება. მასშტაბურ ღონისძიებას 20 ქვეყნის ასობით წარმომადგენელი ესწრება. 4-დღიან ფორუმზე უცხოელი სტუმრები, მათ შორის დიპლომატები, ექსპერტები, მკვლევარები და პოლიტოლოგები ეკონომიკის, უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის და ურბანული განვითარების შესახებ მსჯელობენ. იმართება დისკუსიები თემებზე - როგორ დავიცვათ თავი მზარდი კონფლიქტების სამყაროში, მშვიდობის როლი, პოლიტიკური სუვერენიტეტი და ნეიტრალიტეტი ეროვნული კეთილდღეობისთვის.