04 ივნისი 2026,   18:16
ვრცლად
ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი - ვახტანგ ცინცაძე

ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ბიზნესსექტორის ბრუნვამ 2026 წლის I კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 62.0 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში: მსხვილი საწარმოების გამოშვება 13.0%-ით გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.9% შეადგინა. იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით.

„უნდა აღინიშნოს, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში. პირველ კვარტალში გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, ვაჭრობის სექტორებმა და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობების ზრდამ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბიზნესაქტივობის ზრდასთან ერთად იზრდება ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა - მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სამუშაო ადგილების რიცხვი 3.7%-ით (28.5 ათასით) გაიზარდა და 799.4 ათასი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც - ის 2,300 ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ბიზნესსექტორში არსებულ მაღალ მაჩვენებლებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდას. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ბიზნესაქტივობის, ახალი ინვესტიციების განხორციელების და ზოგადად, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას.

"შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ბიზნესაქტივობის ზრდის მიმართულებით პირველ კვარტალში დაფიქსირებული ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება. ეს, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

დღის ამბები