04 ივნისი 2026,   19:04
ვრცლად
ბრალდების მხარე მას ედავება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, განვმარტეთ, რა მტკიცებულებებით ვაპირებთ აღნიშნულის დადასტურებას - ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ანალოგიური შინაარსის განცხადება ახალაიამ დღევანდელ პროცესზეც გააკეთა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორის ანა ლეკიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვით ისარგებლა, სადაც განმარტეს თუ რა მტკიცებულებებით აპირებენ აღნიშნული ბრალის დადასტურებას.

"ბრალდების მხარე მას ედავება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ, რაც განახორციელა მან 2026 წლის 16 თებერვალს, ღია სასამართლო სხდომაზე, კერძოდ, დამსწრეებს მოუწოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ და პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება არის დასამხობი.

დღეს, ბრალდების მხარემ ისარგებლა შესავალი სიტყვით. განვმარტეთ, რა მტკიცებულებებით ვაპირებთ აღნიშნულის დადასტურებას, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის იმ პირების, რომლებიც ესწრებოდნენ პროცესს, ასევე წარმოდგენილია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის, გამართული სხდომის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები", - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

დღის ამბები