კომუნიკაციების კომისიამ "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 65 სტუდენტსა და 20-მდე მასწავლებელს ტრენინგები ჩაუტარა. ბენეფიციარები ახალი მოდულებით: "ინტერნეტი დასაქმებისთვის" და "ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება" გადამზადდნენ და ოთხსაათიანი სესიის ფარგლებში გაიარეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტების გაცნობა და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, შესაძლო გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ახალი მოდულები 2026 წლიდან, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დაემატა. აღნიშნული მოდულების სამიზნე აუდიტორია ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები, სტუდენტები და უფროსკლასელები არიან. ახალი მოდულებით საჩხერეში უკვე 6 ტრენინგი ჩატარდა და 120-მდე მონაწილე გადამზადდა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი, რომელიც ასევე ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ტრენინგებს მოიცავს, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს 5 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 14,000-მდე ბენეფიციარი გადამზადდა.