11 ივნისი 2026,   22:24
ვრცლად
ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, რომელშიც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივ თანამშრომლობას - ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შუა აზიის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაში, რომელიც აქტიურად არის დაინტერესებული საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად. ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვია, სადაც მას პირადად რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს. 

ბიშკეკში უკვე გაიმართა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სხდომა, ხვალ კი საქართველოსა და ყირგიზეთის ლიდერები რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

როგორც ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი ბაკიტ სიდიკოვი აცხადებს, საქართველოსა და ყირგიზეთს ბევრი საერთო ინტერესი და მიმართულება აქვთ.

მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელშიც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ორმა ქვეყანამ უნდა განავითაროს:

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სხდომა 10 წლიანი პაუზის შემდეგ ჩატარდა, რაც შეიძლება ერთგვარ ნახტომად შეფასდეს. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი და მიმართულება აქვთ, ასევე არაერთი პროექტი, რომელთა განხილვა და მომავალში განხორციელებაც შეგვიძლია. 

დღეს ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, რომელშიც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ და წინ წავწიოთ. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივ თანამშრომლობას, იმ სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც ორივე ქვეყანას ამჟამად გვაქვს. ვხედავთ დიდ შესაძლებლობებს, რომ ეს საერთო უპირატესობები რეალურ შედეგებად ვაქციოთ, მათ შორის "შუა დერეფნისა" და მწვანე ენერგიის მიმართულებით. თანამშრომლობის სფეროთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია,"- განაცხადა ბაკიტ სიდიკოვმა.

როგორც ყირგიზეთისთვის, ასევე საქართველოსთვის, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა. 2025 წლისა და 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურმა კავშირებმა ისტორიულ მაქსიმუმს უკვე მიაღწია ძირითადად საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე. მხოლოდ წელს ყირგიზეთში განხორციელებული ექსპორტიდან საქართველომ 272 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვით. 

ავტორი: კესო ქაფიანიძე. 

დღის ამბები