13 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
თოფურია vs გეიჯი - ბრძოლა თეთრ სახლში

თეთრი სახლის ეზოში მზადება თითქმის დასრულებულია. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უკვე მომზადდა საბრძოლო არენა და სპეციალური სივრცე, სადაც UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიხსნება. მთავარი ბრძოლა კი, ილია თოფურიასია, რომელიც ჯასტინ გეითს შეხდება. ბრძოლისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან უკვე შედგა. მონუმენტის ფონზე გამოჩნდა UFC-ის მებრძოლებიც.

ქართველი მებრძოლი მსუბუქ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. 29 წლის სპორტსმენს შანსი აქვს, ისტორიაში მე-5 მებრძოლი გახდეს, რომელიც 2 წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარს წარმატებით დაიცავს.

ილია თოფურიას საბრძოლო კარიერა შთამბეჭდავია. მას UFC-ში მიყოლებით 9 გამარჯვება აქვს, მათ შორის, ზედიზედ 3 ნოკაუტი ყოფილი ჩემპიონების წინააღმდეგ. თოფურიას რეკორდი 17 გამარჯვებას ითვლის, ის UFC-ის არცერთ შეხვედრაში ჯერ არ დამარცხებულა, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მებრძოლად აქცევს. მასთან შეხვედრას განსაკუთრებულად ელოდება მისი მთავარი მეტოქეც.

UFC Freedom 250 - ამ სახელწოდებით შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პოპულარული ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება. საბრძოლო არენა თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზეა მოწყობილი. ტურნირი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ტურნირს აშშ-ის პრეზიდენტიც დაესწრება. მანამდე, დონალდ ტრამპმა მებრძოლებს ოვალურ კაბინეტში უმასპინძლა. სწორედ ისტორიული კაბინეტიდან დაიძვრებიან ბრძოლის დღეს სპორტსმენები ოქტაგონისკენ. მანამდე კი, საკუთარ პროგნოზებს შერეული ორთაბრძოლების სხვა ვარსკვლავებიც აკეთებენ.

14 ივნისს, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომელსაც, საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც, ამერიკაში, წერს შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში. ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯისა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება. UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერია თბილისის დროით დილის 04:00 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები