06 აგვისტო 2026,   21:16
ვრცლად
ამ განცხადებას სეპარატისტები გამოიყენებენ, როგორც ძლიერ მტკიცებულებას საქართველოს წინააღმდეგ, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, ის უნდა დაიკითხოს შესაბამის ორგანოებში - კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე

მავნებლური, პროვოკაციული და ანტი სახელმწიფოებრივი - ასეთია ვეტერანების და სამხედრო ექსპერტების შეფასება, რომლებიც გიორგი ბარამიძის განცხადებებს ტყუილს უწოდებენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადებებს, რომელმაც იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში თქვა, რომ ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტმა, სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, კობა ლიკლიკაძემ გააკეთა.

"ეს არის უმძიმესი განცხადება, რაც კი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომისმენია, რომელმაც დააზიანა ყველა ჩვენი მებრძოლის ავტორიტეტი და ღირსება, ვინც 1992-93 წლებში იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამხედრო დავალებას ვასრულებდი მე, როგორც ერთიანი პრესცენტრის წარმომადგენელი და არ ვიცი, საიდან მოიტანა მან ეს ამაზრზენი ცილისწამება, რომ ქართველი ჯარისკაცები ტყვეებს ხვრეტდნენ და ტყვეები არ აჰყავდათ. რაც მთავარია და რაც გამაოგნებელია, თურმე არსებობს რუსული დისციპლინა, რომლითაც აფხაზები ოპერირებდნენ და აჰყავდათ ტყვეები. თურმე, ქართველები ხვრეტდნენ და ისინი ანგელოზები ყოფილან და ამ განცხადებას სეპარატისტები გამოიყენებენ, როგორც ძლიერ მტკიცებულებას საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, ეს არ არის სასარგებლო იდიოტის ნათქვამი სიტყვაც კი. ის უნდა დაიკითხოს შესაბამის ორგანოებში, თუ ვინ ხვრეტდა და რა ფაქტობრივი მტკიცებულება აქვს მას ამის შესახებ. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა არსებობს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ლამის ყოველდღიურად გადადის აფხაზეთში და ეძებს დაღუპულთა ნაშთებს და წარმოიდგინეთ, რას ეტყვიან მას აფხაზები ამ განცხადების შემდეგ," - აცხადებს კობა ლიკლიკაძე.

დღის ამბები