25 ივნისი 2026,   02:24
ვრცლად
თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

თბილისში მიმდინარე  საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან. იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ლი ჯუნჰუას შეხვდა.

მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ. 3 დღის მანძილზე მინისტრი ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ფორუმის მონაწილე არაერთი ქვეყნის პირველ პირთან.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ გაუზიაროს თავისი გამოცდილება გაეროს წევრ სახელმწიფოებს. მრავალ სახელმწიფოს, რომელიც გაცილებით უკან არიან სახელმწიფოს სერვისების მიწოდების სფეროში. ფორუმის ფარგლებში ჩვენ კიდევ გვექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრებთ იმაზე თუ რა არის ჩვენი საერთო ინტერესები, როგორ გავაუმჯობესოთ სახელმწიფო სერვისების სისტემა და როგორ გავხადოთ სახელმწიფო სერვისები უფრო მეტად ორიენტირებული ადამიანებზე“, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

გაეროს მუდმივი კოორდინატორის საქართველოში, დიდიე ტღებიუკის განცხადებით, ფორუმმა მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რაც მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვის შესაძლებლობას აძლევს.

„გაერო-ს ორგანიზაციის სახელით, ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ფორუმმა, დაახლოებით, 100 ქვეყნის წარმომადგენლები შეკრიბა, რათა მათ ერთმანეთის გამოცდილება გაეზიარებინათ და განეხილათ საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო სერვისების მოქალაქეთა საჭიროებებზე მეტად მორგების მიმართულებით. ფორუმის ფარგლებში ინოვაციებსა და ციფრულ საჯარო სერვისებზე გაკეთებული ძლიერი აქცენტი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ის ეხმარება მთავრობებს, უფრო შორს გაიხედონ და უფრო ეფექტურად უპასუხონ ახალ გამოწვევებს, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების კონტექსტში“, - აცხადებს გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი.

დღის ამბები