26 ივნისი 2026,   02:25
ვრცლად
სავალუტო ფონდის ანგარიში საქართველოს შესახებ - რა ნაბიჯებია საჭირო ბაზრის მოთხოვნებსა და კადრების კვალიფიკაციას შორის დისბალანსის აღმოსაფხვრელად

შრომის ბაზარზე არსებული რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კვალიფიციურ მუშახელსა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს შორის დისბალანსის აღმოსაფხვრელად - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს. მასალაში მიმოხილულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ნათქვამია, რომ საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი ბიზნესსაქმიანობის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება.

განათლების სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმას საფუძვლად სწორედ შრომის ბაზრის კვლევა დაედო. შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ ტექნიკური მიმართულების საგნებისადმი აბიტურიენტების დაინტერესება ნაკლებია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გაიზარდა როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ისე პრიორიტეტული სპეციალობების ჩამონათვალი.

სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, დასაქმების სტრუქტურამ თანდათან გადაინაცვლა სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისკენ. ვაკანსიების რაოდენობა კი გაიზარდა ისეთ მაღალკვალიფიციურ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფინანსები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობ ფაქტორებად სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მეტად დაახლოებას, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის გაძლიერებას ასახელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2025 წელს სიღარიბეს თავი 90 000-მა მოქალაქემ დააღწია. თუკი 2020 წელს იგივე მაჩვენებელი 21%-ს აჭარბებდა, 5 წელიწადში 7.1%-მდე შემცირდა. წლიურ ჭრილში კლება 2.84 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

დღის ამბები