26 ივნისი 2026,   18:53
ვრცლად
პრემიერი: ქართულ სპორტში გვაქვს ისტორიული შედეგები - შარშან ქართველმა სპორტსმენებმა 1935 საერთაშორისო მედალი მოიგეს. საანგარიშო პერიოდში საქართველოში მთლიანობაში გაიმართა 20-ზე მეტი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი 16 სახეობაში

ქართულ სპორტში გვაქვს ისტორიული შედეგები, შარშან ქართველმა სპორტსმენებმა მოიგეს 1935 საერთაშორისო მედალი, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებითაც არის სერიოზული გაუმჯობესება - 450 საერთაშორისო მედლით მეტი. მადლობა თითოეულ სპორტსმენს ამ უდიდესი წარმატებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კალათბურთელებს ჰქონდათ ისტორიული შედეგი „ევრობასკეტზე“, მოხვდნენ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის.

"წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიოს სუპერთასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც არის ისტორიული წარმატება. ჩვენმა ძიუდოისტებმა სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ საუკეთესო შედეგი აჩვენეს ევროპის ჩემპიონატზე თბილისში. საქართველოში საანგარიშო პერიოდში მთლიანობაში გაიმართა 20-ზე მეტი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი 16 სახეობაში, მათ შორის კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს. 2029 წლისთვის მივიღეთ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ძიუდოში. ძალიან მალე დაიწყება რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე ქალაქი უმასპინძლებს. ასევე ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დიდი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

"მიმდინარეობს 40 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და 11 სტადიონის პროექტის მომზადება. აქ საუბარია მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსებზე, აქაც იქნება რამდენიმე ტიპური პროექტი რომლის მიხედვითაც განვითარდება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები. ასევე აშენდება სტადიონები, აქ საუბარია სრულფასოვან, ტრიბუნებიან სტადიონებზე, უეფას სტანდარტების შესაბამისად. უახლოეს პერიოდში დაიწყება 54 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ჯამური ბიუჯეტი არის 250 მილიონი ლარი. საბოლოოდ ყველა მუნიციპალიტეტში იქნება სულ მცირე ერთი ტექნიკური საფეხბურთო ცენტრი, რაც განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე დაიწყება 30-ზე მეტი რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ლარია.

ამ ყველაფრის შედეგად სრულიად სხვა დონეზე გადავა საქართველოში როგორც მასობრივი სპორტის განვითარება, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება. ეს მასშტაბური ცვლილებები, რაც ხორციელდება და რაც განხორციელდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს სპორტის მიმართულებით, თბილისში დასრულდა ყინულის სასახლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს. რუსთავში დასრულდა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2 საფეხბურთო მოედნით. დასრულდა სპორტის უნივერსიტეტის პროექტირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები