მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, GCCA-ში - 1276 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 4025 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 112 %-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 162 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 417 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 75 მოვაჭრეს - 198 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 202 281 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 132 საქმეზე - 114 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 82 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 2 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 532 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 293, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 291, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 60, ხოლო სხვა დანარჩენზე - 100. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 16 %.